Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იაპონიაში

საქართველოს საელჩო იაპონიაში

აკრედიტებულია მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში

ცვლილება შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში

2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანომდებლო ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების რეგულირებისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესება, არალეგალური მიგრაციის შემცირება, საქართველოს შრომითი ბაზრის დაცვა და მისი სტაბილური განვითარება.

ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება და თვითდასაქმება მოხდება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს აწ განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში, მათ შორის, დისტანციურად, მას დასჭირდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება.

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცესი იქნება სრულად ელექტრონული (სარეგისტრაციო პორტალი ხელმისაწვდომი გახდება 2026 წლის 1 მარტიდან) და ფასიანი. საფასურის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება მომსახურების ვადაზე. 
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით. ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს.

თუ უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების განაცხადის შევსებისას არ ფლობს რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვას, აღიშნული უფლების მიღების შემდეგ, ის ვალდებული იქნება მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე, ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (worknet.moh.gov.ge) დამსაქმებელს უფლება ეძლევა შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში წარადგინოს განცხადება, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშულ ვადაში ვაკანსიაზე ვერ მოიძებნება შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი.

თვითდასაქმებულ უცხოელს რაც შეეხება, შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად მაწ თავად უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის (მათ შორის, თვითდასაქმებულის), ასევე, დამსაქმებელის დაჯარიმებას.

იმ თვითდასაქმებული უცხოელებისათვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები აწ სხვაგვარად არიან ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევა 2026 წლის 1 მაისიდან. 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (www.labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ უცხოელებმა, რომელთაც 2026 წლის 1 მარტისათვის რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა უნდა მოიპოვონ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე.

საგულისხმოა, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება არ გავრცელდება შემდეგი კატეგორიის უცხოელებზე: 
•    ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; 
•    საქართველოში რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელი პირი; 
•    საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში დასაქმებული პირი; 
•    საქართველოში კანონიერი საფუძვლით მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ საქართველოში აკრედიტებული ჟურნალისტი; 
•    პირი, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ვრცელდება შრომითი მოწყობის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი; 
•    მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; 
•    საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი. 
დეტალური ინფორმაცია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების წესებისა და პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://labourmigration.moh.gov.ge/