Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულენო და იაპონელო მეგობრებო!

პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვებ-გვერდის მონახულებისათვის და აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ყოველი თქვენთაგანის ძალისხმევით სულ უფრო და უფრო ღრმავდება საქართველო-იაპონიის ურთიერთობები და ძლიერდება მეგობრული კავშირები ორ სახელმწიფოს შორის. როგორც საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც იაპონიასთან ურთიერთობის 20 წლის გამოცდილება გამაჩნია, მინდა სიხარულით ხაზი გავუსვა წლიდან წლამდე საქართველოს ცნობადობის ზრდას იაპონლებს შორის და ეს რაღა თქმა უნდა, თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა.

საერთო ღირებულებებმა და ერთობლივმა პოზიციამ თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის  უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიურმა ძალისხმევამ, მყარი საფუძველი ჩაუნერგა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივ მნიშვნელოვან შედეგებს მიგვაღწევინა. გარდა ამისა, იაპონია, როგორც საქართველო, დიდი ტრადიციების, კულტურის და ადამიანური ღირებულებების მქონე ქვეყანაა, რაც ხალხთა შორის ურთიერთობას მეტად საინტერესოს და სასარგებლოს ხდის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს იაპონიის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში იაპონია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დონორ ქვეყანას.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ასეთი მყარი მხარდაჭერისთვის.

ბოლო წლებში, საქართველო-იაპონიის, როგორც ეკონომიკურ ასევე კულტურულ სფეროებში წინსვლამ, კიდევ უფრო გააღრმავა ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები. კერძოდ, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები, საინვესტიციო შეთანხმება*1 და საგადასახადო შეთანხმება*2 შევიდა ძალაში. ამავდროულად, იაპონურმა კერძო კომპანიებმა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს (მაგალითისთვის, იაპონური უმსხვილესი ენერგო  კომპანია „TEPCO Renewable Power“-ის განახლებადი ენერგიის დარგში განხორციელებული ინვესტიცია). ეს მნიშვნელოვანი ფაქტი გვაძლევს რეალურ იმედს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში კიდევ უფრო მეტი იაპონური კომპანია დაიწყებს საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საელჩო, განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს განახლებადი ენერგიის მიმართულებით მუშაობას, რათა მეტი მოწინავე იაპონური კომპანია მოვიზიდოთ საქართველოს ბაზარზე.

ისტორიულად, ქართული კულტურა მუდამ გვევლინებოდა საზღვარგარეთ ქვეყნებთან კომუნიკაციის და მეგობრობის გაღრმავების დესპანად. გასულ წლებში, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს გაზრდილი ცნობადობა იაპონურ ყოველდღიურ ყოფაში აისახა. კერძოდ, ისტორიაში პირველად, ქართული ტრადიციული კერძისა და ღვინის კულტურული ელემენტები ფართოდ გახდა  ხელმისაწვდომი მთელი იაპონიის მასშტაბით. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ნაციონალური ცეკვის, ქართული სამოსის და სხვა ქართული კულტურის ელემენტების მიმართ ცნობადობა. დღესდღეობით იაპონურ მედიაში ყოველთვიურად ვხვდებით სხვადასხვა გადაცემას ან პუბლიკაციას საქართველოს შესახებ, რაც იაპონელებისათვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი და საინტერესო ქვეყნის იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ხელახლა აღმოვაჩინეთ ქართული კულტურის და ისტორიის შესაძლებლობა, კულტურის მიმართ დაინტერესება და საქართველოს ცნობადობა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ განმსაზღვრელ ელემენტს, რომელიც გააფართოებს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და ტურისტული მიმართულებებით თანამშრომლობის საფუძველს.

აუცილებლად მსურს აღვნიშნო, რომ იაპონიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების საქმეში, უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს საამაყო და წარმატებულ სუმოისტებს, ლევან ცაგურიას, ლევან გორგაძესა და თეიმურაზ ჯუღელს. რომ არა მათი წარმატება, რაც თავდაუზოგავი შრომის შედეგია, დღეს საქართველოს ასეთი დონის აღიარება არ ექნებოდა.

რაღა თქმა უნდა, ერთა შორის ასეთი მეგობრული განწყობა შეუძლებელი იქნებოდა კულტურის, მეცნიერებისა თუ სპორტის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იმ ხალხის ძალისხმევის გარეშე, ვინც აქამდე ქართულ-იაპონურ ურთიერთობებში თავიანთი წვლილი შეიტანა. მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა მათ მიმართ და ყველას გულითადი მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის.

2022 წელს, საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წელი აღინიშნება. ჩვენ გვჯერა, რომ არსებული დიპლომატიური ურთიერთობები, საფუძველს გვაძლევს, რათა კიდევ უფრო ნაყოფიერი გავხადოთ ორმხრივი თანამშრომლობა. ამ საიუბილეო წელს, ხალხთა შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი უნივერსალური მიზანია, ქვეყნებს შორის არსებული დისტანცია მაქსიმალურად დაახლოვოს. ამის მისაღწევად საქართველოს საელჩო გააგრძელებს აქტიურ ქმედებებს იაპონიაში მცხოვრებ ჩვენს ქართველ თანამემამულეებთან და იაპონელ მეგობრებთან ერთად.

პატივისცემით,
თეიმურაზ ლეჟავა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში

 

 

 

*1 შეთანხმება საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ ძალაში შევიდა  23/07/2021

დეტალური ინფორმაცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5240212?publication=0

*2 კონვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ ძალაში შევიდა  23/07/2021

დეტალური ინფორმაცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5240266?publication=0