ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



ელჩის მისასალმებელი სიტყვა

 

მივესალმები იაპონიაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდის სტუმრებს.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს ელჩი იაპონიაში და ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებასა და შემდგომ განვითარებას.

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იაპონიასთან პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე მეცნიერების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. იაპონიის მთავრობის მყარი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერა მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე აზრთა თანხვედრა საერთაშორისო დონეზე გლობალური საკითხების მიმართ და ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების დადებითი დინამიკა ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს და ნაყოფიერს ხდის.

მსურს ხაზი გავუსვა საქართველოს მთავრობის დაინტერესებას საქართველოში იაპონური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით. ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული Ease of Doing Bussiness”- ის რეიტინგში საქართველო წამყვან პოზიციებს იკავებს და პირველ ათეულში შედის. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული ფაქტი, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების უახლოეს მომავალში ხელმოწერა დამატებითი სტიმული იქნება იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი უფრო მეტად დაინტერესების თვალსაზრისით. აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას ოფიციალური დახმარების ფარგლებში საქართველოში დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და  რიგითი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

საქართველო, რომელიც აზიის და ევროპის გასაყარზე მდებარეობს ისტორიულად ცნობილი აბრეშუმის გზის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ტრანსკონტინენტურმა სავაჭრო-საქარავნო გზამ, რომლითაც შორეული აზია ხმელთაშუა ზღვის რეგიონს უკავშირდებოდა, საქართველოში აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმას, საბოლოოდ კი ჩემი ქვეყნის უნიკალური მახასიათებლების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. იაპონიის მსგავსად საქართველო უძველესი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანაა. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ბოლო წლებში იაპონელი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში და გამოვთქვა იმედი, რომ სამომავლოდ უფრო მეტ იაპონელ სტუმარს გავაცნობთ ქართულ კულტურას, სტუმართმოყვარეობას და სამზარეულოს.

დიპლომატიური მისიის დაწყებამდე მქონდა ბედნიერება მრავალი წლის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მეწარმოებინა იაპონიაში და პირადად გავცნობოდი ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს. ვიმედოვნებ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება დამეხმარება საქართველოს და იაპონიას შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებაში. 

მოხარული ვიქნები, თუ იაპონიაში ელჩობის პერიოდში მოკრძალებულ წვლილს შევიტან საქართველო-იაპონიის დაახლოების საქმეში.

 

საუკეთესო სურვილებით,

ლევან ცინცაძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ