ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 



ინფორმაცია იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის მოტომე ტაკისავას საქართველოში ვიზიტის შესახებ

28.06.2017 თბილისი - საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის ფარგლებში, მ.წ. 26-28 ივნისს გაიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, მოტომე ტაკისავას ვიზიტი საქართველოში. 

იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. ყურადღება გამახვილდა იაპონიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული კმაყოფილება გამოითქვა, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების (Bilateral Investment Treaty - BIT) მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს იაპონურ კომპანიებს აქტიურად დაინტერესდნენ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და საინვესტიციო პროექტებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ხაზი გაესვა, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის განვითარებაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ორ მეგობარ ერს შორის კავშირების განმტკიცების საკითხზე, რასაც ხელს შეუწყობს იაპონიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გამარტივებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მადლობა გადაუხდა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და ვიზიტი უკიდურესად წარმატებულად შეაფასა.ვიზიტის ფარგლებში მოტომე ტაკისავამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის (15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა. პროექტის ღირებულება 71 მილიონ ლარს და 22 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით განხორციელდა.მოტომე ტაკისავას საქართველოში ვიზიტის  ფარგლებში 27 ივნისს, გაიმართა ქართველი პრიმა-ბალერინას, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიშვილის დაჯილდოების ღონისძიება. ნინო ანანიაშვილს გადაეცა იაპონიის იმპერატორის ჯილდო - ლენტით დამშვენებული ამომავალი მზისა და ოქროს სხივების ორდენი, რომელიც მას ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობით საქართველო-იაპონიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, ასევე იაპონიის  საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაესვა ნინო ანანიშვილის მიერ, წლების განმავლობაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილ ღვაწლს იაპონიასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ