საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება და 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ისევე, როგორც ომის შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების შელახვის, როგორიცაა: სიცოცხლის უფლების ხელყოფა; წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ქართული სოფლების მიზანმიმართულად გადაწვაზე, გაძარცვასა და განადგურებაზე ისევე, როგორც ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ნიშანდობლივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ორ სახელმწიფოს — რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა და რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქმნის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი ძალისხმევის წარმატებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართლიანი და მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით. ცხადია, საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციის, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.