საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართული მიღება

25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, სასტუმრო „Imperial“-ში (ქ.ტოკიო) საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნეს-კორპორაციებისა და მედიის პრეზიდენტები და წარმომადგენლები, იაპონიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, კულტურის, ხელოვნების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მიღებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ლევან ცინცაძემ, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და საქართველო იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, იჩირო აისავამ და იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და საქართველო იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა, იასუტოში ნიშიმურამ. გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტოშიჰირო აიკიმ დამსწრე საზოგადოებას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს მისალოცი გზავნილი გააცნო. გზავნილში მინისტრმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო იაპონიისათვის მნიშვნელოვან მეგობარს წარმოადგენს, რომელიც იზიარებს ისეთ ფუნდამენტალურ ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა. გარდა ამისა, ბატონმა კონომ ხაზი გაუსვა, რომ იაპონია საქართველოს თანამშრომლობა მოიცავს არამარტო პოლიტიკურ, არამედ ბიზნეს, კულტურულ, სპორტულ და ტურისტულ ასპექტებს. გზავნილის ბოლოს, ბატონმა კონომ ხაზი გაუსვა, რომ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონია საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას შეეცდება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. 
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ექსპოზიცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე, გამოფენა „Spectacular Georgia”. გარდა ამისა, მიღებაზე იაპონურმა ჯგუფებმა „იამაშიროგუმიმ“ და „ამფორამ“ აუდიტორიას ქართული ფოლკლორი წარუდგინეს. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის იაპონური იმპორტიორი კომპანიების „Reclaim Support”, “Racine”, “Nonna and Shidi”, “Asawa World”, „Fuji Trading“, „Diony“, „Fukuyama Black Vinegar“ და „Locomotion“ მიერ მოწოდებული ღვინოები, აგრეთვე ბროშურები და საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ქართული ღვინის შესახებ.