საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წარმომადგენლების ვიზიტი იამანაშის პრეფექტურაში

17 აპრილს საქართველოს ელჩის ინიციატივით შედგა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლის, დავით ტყემალაძის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირეტორის, თინა კეზელის ვიზიტი იამანაშის პრეფექტურაში. იამანაშის პრეფექტურის ქალაქი კოშუ იაპონიის მეღვინეობისა და მევენახეობის ერთერთ უმთავრეს ცენტრად მიიჩნევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ელჩის და დელეგაციის წევრების შეხვედრა ქ. კოშუს მერთან, აცუში ტანაბესთან, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა ცნობილი მეღვინე და სომელიე ბატონი იუკი ჰირაიამა. შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოთქვეს რეგიონებს შორის მეღვინეობების სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის თაობაზე. იამანაშის პრეფექტურაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ადგილობრივ მეღვინეობასაც ესტუმრა და საქართველოდან ჩამოტანილ ქვევრში კოშუს ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ღვინო დააგემოვნა. ღვინის ექსპერტის, თინა კეზელის შეფასებით, კოშუს ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ღვინო ნამდვილად შეესაბამება ქართული წარმოშობის ჯიშებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს იამანაშიში საქართველოს ელჩის, დოქტორ ლევან ცინცაძის, იაპონიის საგარეო საქმეთა წარმომადგენლისა და ცნობილი იაპონელი ჟურნალისტის ვიზიტის დროს მოხდა კოშუს ყურძნის ქართულ ენდემურ ყურძენთან კავშირის დადგენა. რის შემდეგაც, იაპონელი მეღვინეები და მეცნიერები ვაზის დნმ-ის ანალიზის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ კოშუს ყურძენი ენათესავება სამხრეთ კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს ენდემურ ყურძნის ჯიშს, რომელიც იაპონიაში 1800 წლის წინ აბრეშუმის გზის გავლით მოხვდა.