საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრემიერი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა

საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა, მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები. 

ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე. 

ასევე აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალი. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში და ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს. 

ასევე გამოითქვა ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გამოფენის - "საქართველო - ღვინის სამშობლო" მნიშვნელობას, რომელიც ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

შეხვედრას იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი, საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, ხოლო საქართველოს მხრიდან - იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები - გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.